სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბიულეტენი II
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გამოსცა მეორე ბიულეტენი, რომელშიც შედის ქართული ენის ბგერითი სისტემის ლათინურად ტრანსლიტერაციის, ინგლისური, ჩინური, იაპონური, სპარსული, სომხური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები; რამდენიმე განახლებული ენობრივი ნორმა, რომლებიც მიღებულია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კერძოდ: სახელთა ბრუნებისა და
ბრუნვათა ფუნქციების ნაწილში განახლდა ვითარებითი და წოდებითი ბრუნვების ფორმათა, რიცხვით სახელთა და თანდებულიან სახელთა მართლწერის წესები. ამათგან ერთი ნაწილი უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის 394-ე დადგენილებით.
ბიულეტენში შევიდა სახელობითი ბრუნვის ფორმათა უკვე დიდი ხნის დადგენილი და მოქმედი ენობრივი ნორმის დარღვევით გამოწვეული პრობლემების ანალიზი და ის საფრთხეები, რომლებსაც ქმნის დე ფაქტო და დე იურე ნორმათა აცდენა ქართულ ენაში. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა თარგმნის ძირითადი პრინციპების შემუშავებას უკავშირდება ბიულეტენში მოცემული მუნიციპალური ტოპონიმიისა და გეოგრაფიული ობიექტების მართლწერასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
ბიულეტენი სრულდება ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობით. ეს დოკუმენტი ეყრდნობა ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციების საერთოევროპულ ჩარჩოს. ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა ხელს შეუწყობს საქართველოს არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლებას, რაც სახელმწიფოში მათი ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველია. იგი დაეხმარება ქართულის, როგორც მეორე და/ან უცხო ენის მასწავლებლებს, შემფასებლებსა და სასწავლო-მეთოდური მასალების შემქმნელებს, ასევე ქართული ენის შემსწავლელებს და ყველა იმ პირს, რომლებსაც აინტერესებთ საკუთარი ენობრივი კომპეტენციების შემოწმება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 394-ე დადგენილებით 2020 წლის 30 ივნისს.
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი